აჭარაში გიდებისთვის ტრენინგი იწყება

506

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი და დამწყები გიდებისთვის ახალ სატრენინგო პროგრამას იწყებს.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია ის ძირითადი თემებია, რომლის თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებზე დასწრებაც გარდა გიდებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ტურიზმის დეპარტამენტში შეეძლება.

ტრენინგის თემები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მოქმედი გიდების გამოკითხვის შედეგად შეიმუშავა. მასზე დასწრების მსურველებს კი რეგისტრაციის გავლა ონლაინ შემდეგ ბმულზე https://cutt.ly/ceCp6uZ შეუძლიათ. სატრენინგო პროგრამა, ისევე როგორც დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგები უფასოა.

25 ნოემბერს ტრენინგი ჩატარდება თემაზე „ბათუმი კინოში“. ბათუმი და პიროვნებებზე ტრენინგი 28 ნოემბერს გაიმართება, 29 ნოემბერს მოეწყობა გასვლითი ტური ქალაქის ცნობილი შენობებისა და მათი ისტორიების გასანობად. საქართველოს ეკონომიკაზე ტრენინგები 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება, ქართულ მითოლოგიას 6 დეკემბერი დაეთმობა ხოლო ქართულ ქორეოგრაფიას 7-8 დეკემბერი დაეთმობა. 8 დეკემბერს ასევე ჩატარდება ტრენინგი თემაზე ბათუმის ეზოები, აივნები და კარები.

პარალელურად იწყება ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.