ფოთში ოპოზიცია და “ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

681

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს მოითხოვდნენ. მომიტინგეებს ადგილზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ და აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს.

ვითარება საბოლოოდ სამართალდამცავებმა განმუხტეს.

“მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა. შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი შამუგიამ.

აქციები ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით გამართა, მათ შორის ზუგდიდშიც. აქ ედიშერ თოლორაიას ბიუროს ასასვლელ კარებს ბოქლომი სიმბოლურად დაადეს, მერაბ ქვარაიას ბიუროს შემთხვევაში კი ეს ვერ მოახერხეს. მათ ამის შესაძლებლობა სამართალდამცველებმა და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.

დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქცია  დაიწყო და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.