ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

521

ბათუმის მერიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. შენობის შესასვლელთან ასევე იმყოფებიან ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და მისი მხარდამჭერები. ვახტანგაძის განცხადებით, შენობაზე ბოქლომის დადების საშუალებას არავის მისცემენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„აქ არის ჩემი სამეგობრო წრე, არიან სპორტსმენები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ქვეყანა. მაჟორიტარის ბიუროა, ჩემთან არიან მოსულები.

ბათუმის მერია იქნება საქართველოს მაგალითი, თუ როგორ უნდა მოექცე მას, ვინც უღირსად იქცევა. ერთმა გამოიარა, ჯელალ ქიქავამ, მაგრამ რა უნდოდა, მას ჰკითხეთ. ვინც მოვა და შეეცდება, ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს, კანონის ფარგლებში ყველა მიიღებს საკადრის პასუხს“, – განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელგუჯა ბაგრატიონის პატიმრობა და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება გააპროტესტეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში აქციის დროს დააკავეს. მას 12 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.