“ევროპული საქართველო” მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე “დაბოქლომების” აქციას ატარებს

969

წინა სტატია

“ევროპული საქართველო” დღეს დილიდან რეგიონებში “მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომების” აქციას მართავს. ოპოზიციამ სიმბოლური “დაბოქლომების” აქცია სხვადასხვა ქალაქებში თითქმის ერთდროულად დაიწყო.

რეგიონებში მაჟორიტარების ბიუროებთან მობილიზებულია პოლიცია და “ქართული ოცნების” აქტივისტები და აქციის მონაწილეებისგან შენობებს იცავენ.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, ეს არის სიმბოლური აქცია, რომლის მიზანიც არის იმის ჩვენება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, რაც პროპორციულ არჩევნებს უნდა დაესრულებინა.

როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუკვერდზეა აღნიშნული, “დაბოქლომების” აქცია დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში, ახალციხეში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, ლაგოდეხში, თბილისის სხვადასხვა უბანში და ა.შ.

გარდა ჯაჭვიანი ბოქლომების დადებისა, “ევროპული საქართველოს” წევრები მაჟორიტართა ბიუროებს აკრავენ სტიკერებს წარწერით “დალუქულია”.

დიდი დაპირისპორებს შემდეგ სიმბოლური ბოქლომი უკვე დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს, თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზს, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისს ოზურგეთში და გააკრეს სტიკერები “დალუქულია”.

დიდი დაპირისპირება იყო ასევე  თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც “ევროპული საქართველო”  მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ბიუროს კარზე ბოქლომის დასადებას ცდილობდა. “ოცნების” წევრებმა ოპოზიციას ბოქლომი არ დაადებინეს ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაზე. ასევე პოლიციამ “ევროპული საქართველოს” წევრებს დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ბიუროზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებმა ვერ მოახერხეს ბოქლომის დადება ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია.