თელავის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

1144

თელავის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც ქალაქის მერია და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაა განთავსებული, ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლელა მენთეშაშვილს მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შესვლა და მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მენთეშაშვილის განცხადებით, ის იმდენი ხანი დარჩება ადგილზე, ვიდრე ბოქლომს არ დაადებს.

პოლიცია მედიის წარმომადგენლებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს. შენობაში გადაადგილების საშუალება მხოლოდ მოქალაქეების ნაწილს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეძლევათ.

მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.