ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტს ბოქლომი ვერ დაადეს

637

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, კარებს სხვა დროს მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს. ადგილზე იმყოფება თავად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.