ოპოზიციის წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

489

ხმაურისა და წინააღმდეგობის მიუხედავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდა. თავდაპირველად ისინი შესასვლელის დაბოქლომებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელგუჯა ბაგრატიონის პატიმრობა და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება გააპროტესტეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში აქციის დროს დააკავეს და მას 12 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.