ცხინვალის რეჟიმი: ექიმის თქმით, NATO-ში გაწევრიანების მომხრეა და რუსეთი მთავარი მტერია

670

წინა სტატია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ (უშიშროების კომიტეტი), უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“.

მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“.

დე ფაქტო КГБ-ს განცხადების თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ საქართველოს მოქალაქეების სატელეფონო საუბრების სტენოგრამას აქვეყნებს. მასალში, რომელიც სააგენტო „რესმა“ გაავრცელა, საქმე ეხება, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის პირად საუბრებსა და მონაცემებს. მასალაში ასევე აღნიშნულია ექიმის და მისი პაციენტის ტელეფონის ნომრები. როგორც დე-ფაქტო უწყება იტყობინება, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „საზღვრის გადალახვა“ კარგად დაგეგმილი იყო.

„ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა საგარეო ვიზიტით ბალტიის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში. 4 ნოემბერს, ვ. გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე მიიღო პაციენტები „მედიქლაბ-ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს, გაფრინდაშვილის სოლო პაკეტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე დაერიცხა 21 000 ლარი. 8 ნოემბერს ვ. გაფრინდაშვილი თავის კლიენტებთან საუბარში თქვა, რომ იგი თბილისში არ იქნებოდა შაბათს და კვირას და რომ იგი ორშაბათს, 11 საათამდე პაციენტებს ვერ მიიღებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიაში ასევე მოცემულია სტენოგრამა, რომელიც დე-ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა) დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

19 ნოემბერს, ცხინვალის КГБ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობდა სამხედრო ექიმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის კაპიტნის რანგში. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ქართული მხარე, მათ შორის, გაფრინდაშვილის ოჯახი და მისი კოლეგები.