როგორ უნდა მოგვარდეს თუშეთში სეზონურად გადაადგილების პრობლემა

739

ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა, მოიცავს თუშეთის სოფლების განვითარების და განაშენიანების გეგმას. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

დოკუმენტის მიხედვით, 10 სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. პროექტის ავტორის, არქიტექტორი გია აბულაძეს თქმით, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმაში გაწერილია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, საზღვრების დაცვის, კულტურის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თუშეთის სოფლების განვითარების ხედვა.

მისივე თქმით, გეგმით გათვალისწინებულია თუშეთთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. აბულაძე აცხადებს, რომ განიხილება ახლანდელი გზის რეკონსტრუქციის, მთებში გზების გაყვანის და სარკინიგზო ხაზის მოწყობის შესაძლებლობაც.

,,ცუდია, რომ რამდენიმე თვე თუშეთი გარესამყაროს მოწყვეტილია. თუშეთი ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილია, გარდა ამისა სასაზღვროა და წარმოუდგენელია ამდენი თვის განმავლობაში საზღვარი დაუცველი იყოს. რაც შეეხება რკინიგზის მშენებლობას, ეს ჯერ კიდევ სამსჯელო საგანია და მას ბევრი დადებითი ფაქტორები აქვს.

ძირითადი აქცენტი მაინც გადატანილი გვაქვს არსებული გზის რეკონსტრუქციაზე. ეს გზა გარკვეული სტანდარტების დონეზე უნდა მოწესრიგდეს. მთაში გზების გაყვანა ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ამას თავისი სარგებელიც აქვს. რაც შეეხება სარკინიგზო ხაზის გაკეთებას და ე.წ. ,,კუკუშკას“ ამოქმედებას, ეს მიმართულებაც განიხილება.

გარდა ამისა, არის ბევრი საკითხი, რომელიც ჩაწერილია აღნიშნულ გეგმაში და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით პროექტის განხორციელებას. ვფიქრობთ, ამის შემდეგ თუშეთი როგორც ტურისტული ზონა განვითარდება და გაძლიერდება’’,- განუცხადა Knews.ge-ს გია აბულაძემ.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კი ასევე განიხილება თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობის საკითხი.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტით იტალიური კერძო კომპანიაა დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლებსაც უკვე შეხვდა.

,,უკვე არსებობს კომპანია და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობ, მშენებლობა არ იქნება ხანგრძლივი და 1–წლიანი პერიოდი საკმარისი იქნება. გვქონდა შეხვედრები იტალიაში კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელმაც საბაგირო გზა უნდა ააშენოს და ის ტექნოლოგიურად აღჭურვოს.

ვფიქრობთ, საბაგირო გზა დაიწყება აბანოდან, ასე ჰქვია იმ ლოკაციას, სადაც ძალიან ვიწრო ტყიანი ხეობა სრულდება და იწყება ყველაზე რთული მონაკვეთი – გადადის უღელტეხილზე, არმისული ომალომდე გარკვეულ ლოკაციაზე დასრულდება”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.