სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 პროექტი განხორციელდება

509

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ამ საკითხზე შემაჯამებელი შეხვედრა მერიაში პოლონეთის სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებმა გამართეს. შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს წევრები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცემერის, მადონა ბატიაშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი პროექტის მიმდინარეობის შეჯამება, პროცესის განმავლობაში არსებული სირთულეების, ასევე, ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება იყო.

“პოლონეთიდან ,,სოლიდარობის ფონდის” წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები. საპილოტე პროექტი სწორედ მათი დახმარებით განხორციელდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ სუსტ მხარეებზე. მუშაობისას რამდენიმე სირთულე გამოიკვეთა, პირველი იყო ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება, გარდა ამისა ასევე აპლიკაციის ფორმა არ იყო სრულყოფილი, რითაც მოქალაქეებს პროექტები შემოჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებს ვმართავდით, ბევრმა ადამიანმა ამ აპლიკაციის ფორმის გაუმართავობის გამო ვერ გაიგო, რა როგორ გაეკეთებინა. ამ საკითხებს მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ. გარდა ამისა, ასევე სუსტი მხარე იყო ჩვენ მიერ ჩატარბული საინფორმაციო კამპანია, რომელიც ეფექტური არ იყო. გვქონდა დროის ნაკლებობაც”,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.

ვიცემერის განმარტებით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომელსაც თავისი კოორდინატორები ჰყავდა.

მისი თქმით, პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონაში შედის ქალაქი წნორი, საქობო, ვაქირი და ანაგა, მესამე კი აერთიანებს ბოდბისხვს, ჯუგაანს, ტიბაანს, ძველ ანაგას და მაჩხაანს.

“პროექტის ფარგლებში სამ ზონად იყო დაყოფილი მუნიციპალიტეტი. სულ შემოვიდა 91 საპროქტო განაცხადი, საიდანაც ვერიფიცირება გაიარა 42-მა და აქედან საბოლოოდ ავტორთან ერთად მუშაობით შევარჩიეთ 25 პროექტი, როემლიც უნდა განვახორციელოთ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდა სამ ზონაზე თანაბრად. ეს პროექტები ბიუჯეტის პროექტში დარგების მიხედვით უკვე არის ჩაშლილი. ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ეხება.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 8 მილიონ 602 700 ლარი, საიდანაც სამოქალაქო ბიუჯეტის თანხა 500 000 ლარია”, – აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.