ირაკლი ნადირაძეს 13-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, “ნაცმოძრაობა” პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებს არ დაესწრება

526

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მათი ფრაქციის წევრის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს. ფრაქციის წევრი მარიკა დათუკიშვილი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად ისინი არ დაესწრებიან არც ერთ სხდომას და სამუშაო განხილვას.

„საკრებულოს ეს სხდომები, ეს განხილვები არ არის ორიენტირებული ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე. ეს არის ბიძინას ინსტიტუციები. ბიძინას ინსტიტუციების საქმიანობაში ჩართვას და მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ. მინდა, მივმართო საკრებულოს წევრებს „ქართული ოცნებიდან“. ერთ მხარეს არის თანამშრომელ ქალბატონზე მოძალადე ილია ჯიშკარიანი და მეორე მხარეს არის სამშობლოს სიყვარულის გამო დაჭერილი ირაკლი ნადირაძე. აქ არჩევანი არის მარტივი“, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

დეპუტატი მოუწოდებს საკრებულოს წევრებს, მიბაძონ პარლამენტარ კოლეგებს და განუდგნენ ბიძინა ივანიშვილს. დათუკიშვილის თქმით, რაც საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში ხდებოდა, მხოლოდ დადგმული სპექტაკლია.

„ორდღიანი ცირკი დღეს კიდევ გრძელდება საქალაქო სასამართლოში. ხვდება ალბათ საზოგადოება, რომ ეს აღარ არის სასამართლო, ეს აღარ არის ხელისუფლება. ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია არის ჩამოშლილი. დაჭერილია 10 ადამიანი და დასაჭერთა რიგებში არის კიდევ 25“, – აღნიშნა მარიკა დათუკიშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ ათ პირს, მათ შორის ირაკლი ნადირაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთ პირს – ჯარიმა, კიდევ 25 პირის პროცესი კი გადაიდო.

კერძოდ, სასამართლომ ლუკა ჭიჭინაძეს ხუთდღიანი პატიმრობა განუსაზღვრა. ასევე ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა გიორგი ბუნტურს. ელგუჯა ბაგრატიონს 12-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა. ბექა ბასილაიას 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ზუკა ბერძენიშვილს კი, შვიდდღიანი პატიმრობა განესაზღვრა. კიდევ ერთი დაკავებული გურამ მჭედლიშვილი 1000 ლარით დაჯარიმდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ნადირაძეს 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, გიორგი მაქარაშვილს 12-დღიანი პატიმრობა განესაზღვრა, დიმიტრი ბიძინაშვილს კი, სამდღიანი პატიმრობა. ირაკლი კაჭარავას ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა და ასევე, ოთხდღიანი პატიმრობა განესაზღვრა დავით მჟავანაძეს. 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ პაატა სოსანაშვილს კი მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.