წულუკიანი: კარგია, რომ პროპორციული მოდელი არ შემოვიდა, ხალხს მაჟორიტარული სისტემა სჭირდება

731

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება პროპორციული საარჩევნო მოდელის ჩავარდნას და ფიქრობს, რომ ქვეყანას სტაბილურობისთვის მაჟორიტარული სისტემა სჭირდება.

„როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, რათა პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს. შესაბამისად, ის, რომ მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.