“მაინც დაგაბოქლომებთ” – მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

729

მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

დემონსტრანტები ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებას და შესასვლელის ბოქლომით ჩაკეტვას გეგმავენ.

ადმინისტრაციაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა იმართება. ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც ჭიშკრამდე მისასვლელი გზა კორდონით აქვს ჩაკეტილი და აქციის მონაწილეებს ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევს. “მონებო” –  სკანდირებენ შეკრებილები.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირების დაშლის შემდეგ სიმბოლურად დაადეს ბოქლომი პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იგივეა: ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.  დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.