თბილისის მერია კუს ტბაზე ასასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

658

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმით მთელი დღისა და ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.

„ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და მოხდება გამაგრება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სრული რეაბილიტაცია სამ კილომეტრიან გზას ჩაუტარდება, ასფალტის საფარი 20 000 მ²-ზე მოეწყობა და გარეგანათების ქსელი შეიცვლება. სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯი არ ჯი” აწარმოებს.