რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება 2020 წელს მარნეულში

562

„2019 წლის ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული იყო 7 მლნ ლარი, 2020 წლის ბიუჯეტის პრიექტით კი 9 016 226 ლარია გათვალისწინებული“ – განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. ამის შესახებ რადო მარნეული წერს.

ვუგარ მამედოვის თქმით, 2020 წლის იანვარში, სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 4 700 000-მდე ლარს მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფს.

რაგიონალურ პროექტებში, კერძოდ, ქურთლიარის, ალგეთის, კაპანახჩის და ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის რეაბილიტაციის მიზნით საერთო თანხაა 3 150 685 ლარი. აქედან, 157 534 ლარი უკვე გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც ადგილობრივი სახსრებით, თანადაფინანსებით, განხორციელდება, – აცხადებს ვუგარ მამედოვი.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტები რეგიონალური ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.

2020 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გაჯისქენდში მისასვლელი გზის მოასფალტება, რაშიც 501 456 ლარი დაიხარჯება, მერია კი ამ პროექტისათვის 25 073 ლარს გამოყოფს. სოფელ ხულდარაში მისასვლელი გზის მოასფალტებისათვის სულ 614 953 ლარი დაიხარჯება, მუნიციპალური ბიუჯეტიდან კი ამ პროექტისათვის 95 273 გამოიყოფა. სოფელ დაშტაფაში მისასვლელი გზის მოასფალტებისათვის საერთო ჯამში 741 495 ლარია საჭირო, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროექტისათვის 37 075 ლარს ფახარჯავს.

რაც შეხება იმ პროექტებს, რომლებიც სრულიად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, მამედოვის თქმით, უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში იმირის გადაჭრილი გორის გადახურვის სამუშაოები რაშიც 750 000 ლარი დაიხარჯება.

„სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის 900 000 ლარი გვაქვს გათვალისწინებული. სოფელ სადახლოში შიდა გზების მოასფალტებისათვის 525 031 ლარია გათვალისწინებული, ამ პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადაა. სოფელ შულავრის გზების მოასფალტებაში 545 291 ლარი დაიხარჯება, სოფელ დამიაში 613 075 ლარი დაიხარჯება ასევე გზების მოასფალტებისათვის, ეს გზა იქნება ორ ეტაპიანი, მაგრამ 2020 წელს ვაპირებთ პირველი ეტაპის დასრულებას. სოფელ მოლაოღლის შიდა გზებისათვის 542 469 ლარია გამოყოფილი. სოფელ იმირში, გადაჭრილ გორამდე მისასვლელი გზის მოწყობისათვის დღეს თანხა გათვალისწინებული არ გვაქვს, მაგრამ პრიორიტეტადაა ჩამოყალიბებული, რომელიც 2020 წელს დამატებითი ჭარბი შემოსავლების შემთხვევაში დაფინანსდება,“ – განაცხადა მამედოვმა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქ მარნეულში, იაღლიჯის დასახლებაში, გზების გაყვანისათვის 1 000 000 ლარი დაიხარჯება.

2020 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტი მინიმუმ ორი ავტობუსის შეძენასაც გეგმავს, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტით 500 000 ლარია გათვალისწინებული. ვუგარ მამედოვმა აღნიშნა, რომ მართალია, ორი ავტობუსის შეძენაა დაგეგმილი, მაგრამ თუ თანხა საკმარისი იქნება შესაძლოა მესამე ავტობუსიც შეიძინონ.

დასუფთავების მიზნით სპეციალური ტექნიკის შესაძენად მუნიციპალიტეტი 300 000 ლარს გამოყოფს, 200 000 ლარი კი სანაგვე ურნების შესაძენად დაიხარჯება.

„სოფელ კაპანახჩში, კაჩაგანში, ქუთლიარში, ახლოლალოში და წერეთელში მინი სტადიონის მშენებლობას აპირებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის ღირებულებაც 400 000 ლარს შეადგენს. სოფელ ყიზილაჯლოსა და ქალაქ მარნეულში არსებული N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისს მიზნით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 300 000 ლარი. სოფელ ხუტორ ლეჟბადინში 250 000 ლარი არის გათვალისწინებული გზის მოასფალტებისათვის.“

ქალაქ მარნეულში სკვერების რეაბილიტაციის მიზნით 2020 წლის ბიუჯეტში 425 000 ლარია გათვალისწინებული. ქალაქ მარნეულში ფიროსმანის, ქობულეთისა და რუსთაველის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 231 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ საიმერლოსა და ქუთლიარში გზის გარკვეულ ნაწილებზე სანიაღვრო სისტემის მოწყობისათვის კი 50 000 ლარია გამოყოფილი.

საერთო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, რომელსაც 100%-ით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, 8 627 971 ლარია გათვალისწინებული.