ბათუმში აქციაზე დაკავებულ 4 პირს მოსამართლემ 1500-1500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

352

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებს: ალექსანდრე მილორავას, რევაზ ხარაზს, გია ხალვაშს და ბეგლარ ფუტკარაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე ეხება, 15 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, სადაც აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.

როგორც სამართალდამცავებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, ბრალდებულებმა 15 ნოემბერს, დილით, აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირება მოახდინეს, სადაც დაწესებულების თანამშრომლები ვერ შედიოდნენ.

თავის მხრივ, ბრალდებულებმა აღნიშნეს, რომ მშვიდობიან აქციას მართავდნენ და შენობის პიკეტირება არ მოუხდენიათ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს და საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. თბილისში აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.