ადგილობრივი თვითმმართველობა მთავრობასა და პარლამენტზე უკეთ მუშაობს – IRI-ის კვლევა

975

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ადგილობრივი თვითმმართველობა მთავრობასა და პარლამენტზე უკეთ მუშაობს, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის ანგარიშში წერია.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებისა და ინსტიტუციის მუშაობას, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად აფასებს, მაშინ, როცა მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 37% აფასებს.

გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცუდად მუშაობს. რაც შეეხება მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა – მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 58%, ხოლო პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად 61% აფასებს.

თვითმმართველობის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს გამოკითხულთა 6%, მთავრობის საქმიანობის შეფასებისგან 5%, ხოლო პარლამენტის საქმიანობის შეფასებისგან 2%.

კიდევ უფრო მძიმედ აფასებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას. გამოკითხულთა მხოლოდ 27% აფასებს ადმინისტრაციის საქმიანობას დადებითად, ხოლო 70% – უარყოფითად. გამოკითხულთა 3%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.