“სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი: პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ბრძოლის ბოლო ფაზაში ვართ, დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი

129

პიკეტირება გაგრძელდება, ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, თუ როდის რას და სად გავაკეთებთ, რადგან აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რისი პირობაც დავდეთ”,- ამის შესახებ “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე თავიანთი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.

“ერთი რამ ცხადია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიღებთ ამ გამოწვევას. ყველაფერს გავაკეთებთ რაც იქნება საჭირო და შეგატყობინებთ ჩვენი გეგმების შესახებ. ძალიან მალე იქნება მთავრობის სხდომა, მალე იქნება ბიუჯეტის მორიგი განხილვა, მალე იქნება სესია, საქართველოს პარლამენტის წევრებს კვლავ მოუწევთ პარლამენტის შენობაში შესვლა და ვნახავთ, როგორ მოახერხებენ”,- განაცხადა რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის გუშინ, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს გუშინ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.

ამასთან. აქციის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად შემდეგ კი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას.

როგორც გუშინ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა.