გახარია აქციის დაშლაზე: შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია გააკეთებს იგივეს

425

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 18 ნოემბრის აქციის დაშლა ლეგიტიმური იყო და ხელისუფლება შემდგომშიც ასე მოიქცევა, როცა “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ მოწოდებებს გააკეთებენ”.

როგორც გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, ოღონდ კანონის ფარგლებში.

“გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემის გარეშე. მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოქალაქეებს მოუწოდა ბლოკირებისკენ როგორც ქუჩების და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდეგ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, შემდეგ კი პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ – მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაშ ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად, თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელის სრული უფლებაც ჰქონდა, უკანონო აქციის, ბლოკირების, უკანონო ქმედების შეწყვეტის შესახებ, რც გააკეთა კანონის ფარგლებში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში.

გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის…

გასვლითი სხდომის გარეშე, გარდა იმისა, რომ გადაკეტილი ქუჩები ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის სერიოზულ დისკომფორტს, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან. ან ქუჩაში გამოხატვის თავისუფლების გათვალისწინებით. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად”, – თქვა გიორგი გახარიამ.

20-21 ივნისის ღამის მოვლენების და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა. თუმცა, 14 ნოემბერს უმრავლესობამ, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ აქციები განახლდა. დემონსტრანტები ხელისუფლებას არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებას სთხოვენ.

ორშაბათს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.