ქვეითად მოსიარულეებისთვის სანქციები მკაცრდება

559

მთავრობა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების კუთხით, მიდგომების გამკაცრებას ქვეითების მიმართაც გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება.

კერძოდ, პროექტის თანახმად, ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებული ჯარიმა გაორმაგდება და არსებული 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.

„აღნიშნულის ერთი წლის განმავლობაში გამეორებისათვის 20 ლარის ნაცვლად 40 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ზემოაღნიშნულ ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება – 50 ლარის ნაცვლად გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით,“- წერია მომზადებულ კანონპროექტში.

აღსანიშნავია, რომ ავარიათა სტატისტიკიდან არც ისე უმნიშვნელო რაოდენობა ფიქსირდება ქვეითთან დაჯახების. კერძოდ, მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეით მოსიარულეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის/შეჯახების 336 ფაქტი დაფიქსირდა. შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა – 347 ადამიანი.