ქუთაისის ბიუჯეტი 2020 წელს 7 მლნ ლარით გაიზრდება

1584

ქუთაისის მერიამ ქალაქის საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ მიაწოდა.

„კანონის მიხედვით, ვალდებულნი ვიყავით , 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეგვეტანა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. შესაბამისად, 15 ნოემბერს გავუგზავნეთ ეს პროექტი საკრებულოს. ბიუჯეტის მოცულობა შემოსავლების ნაწილში 2020 წლისთვის იქნება 61032362 ლარი. ბიუჯეტის პრიორიტეტები, როგორც გასულ წლებში, არის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრულია 12 500 000 ლარი, ხოლო სოციალური პროგრამების ჯამი შეადგენს 5 მილიონ 187 ათას ლარს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ინფრასტრუქტურაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასაც, არის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილი იქნება დაახლოებით 1 მილიონი ლარი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. დაგეგმილია რამდენიმე, შედარებით მცირე მასშტაბის პროექტი, მათ შორის ცენტრალურ ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. სოციალური პროგრამების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, გაგრძელდება ყველა იმ პროგრამის დაფინანსება, რაც 2019 წელს მოქმედებდა.

მოგეხსენებათ, 2019 წლის ბიუჯეტი იყო 54 მილიონი ლარი, ხოლო 2020 წლისთვის იქნება 7 მილიონიანი ზრდა, ძირითადად ქონების გადასახადის და დღგ -ს ხარჯზე, ანუ გაიზარდა გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერები, რომელთა შესახებ განკარგულება გამოდის დეკემბრის შუა რიცხვებში. თუმცა, გვაქვს მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა ქუთაისისთვის, რაც ეტაპობრივად გაიზრდება. მომავალ წელს, სკოლების რეაბილიტაციისათვის მომავალ წელს კვლავ გამოიყოფა 2 მილიონი ლარი“ – განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.