გამოკითხულ რესპონდენტებს ყველაზე მეტი კეთილგანწყობა ბაქრაძის, კალაძის და უსუფაშვილის მიმართ აქვთ

887

წინა სტატია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტებს ყველაზე მეტი კეთილგანწყობა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძისა და “შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის მიმართ აქვთ.

გამოკითხულთა 57% დავით ბაქრაძის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 36% – უარყოფითად, ხოლო 7%-ს არ აქვს პასუხი, ან უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

დედაქალაქის მერის მიმართ კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 49%-ია, ხოლო არ მოსწონს მათ 42%-ს. 1%-მა არ იცის, ვინ არის კახა კალაძე, 7% კი მის მიმართ განწყობებში ჩამოუყალიბებელია, ან კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მის მიმართ კეთილგანწყობა გამოკითხულთა 47%-ს აქვს, არ მოსწონს 41%-ს. 2%-მა არ იცის, დავით უსუფაშვილი ვინ არის, ხოლო 10% საკუთარ განწყობებს არ აფიქსირებს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.