საავადმყოფოებში 3 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის 1 პოლიციელია

447

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სამი პაციენტი გადაიყვანეს.

მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია. მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” – 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს პარლამენტთან დღეს აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.