შოთა დიღმელაშვილი: შსს დეზინფორმაციას ავრცელებს, პარლამენტის შტურმს არავინ გეგმავს

570

მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის შტურმი იგეგმება.

“სამწუხაროა, რომ შსს თვითონ გამოდგა დეზინფორმატორი და ამბობს, რომ თითქოს, ვიღაც ლამობდეს შტურმით აღებას პარლამენტის, თუ ასე იქნებოდა – სულელები ვართ?! რატომ დაადებდნენ პოლიტიკური პარტიები კარებს ბოქლომს და გასაღებს გადააგდებდნენ ხალხში, თუ ვითომ თავად აპირებდნენ შევარდნას… ასეთ მოკლეფეხება ტყუილს.. როგორ არ გრცხვენიათ?,“ – ამბობს დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ აქციას მხარდამჭერები არ ჰყავს. დიღმელაშვილი ამბობს, რომ თუ ასეთი მხარდამჭერები მართლაც არ არსებობენ, მაშინ ლოგიკურია მთავრობამ დანიშნოს არჩევნები და მოიგოს: „თუ აქ მყოფებს არა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მაშინ რაღატომ გვეწინააღმდეგებით? დანიშნეთ არჩევნები და მოიგებთ! არალოგიკურია, ხო, ბატონო კახი?!“.

აქციის თანაორგანიზატორმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი განცხადებებისთვის.

შოთა დიღმელაშვილი „მტკნარ ტყუილს“ უწოდებს ე.წ. „გერმანული მოდელის“ არაკონსტიტუციურად შეფასებას:

„თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მოიგებდა ნებისმიერი ტიპის არჩევნებს, მაშინ მითუმეტეს უნდა მოიგოს ამ „გერმანული მოდელით“. კეთილი ინებოს და დანიშნოს არჩევნები, რომელსაც დაგვპირდა და დაპირდა საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს ტრიბუნიდანაც კი. პრეზიდენტმაც ყური გამოიფხიკოს, მარტო ატმის საკრეფად არ დაგვინიშნავს იქ“.