აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასული თამბაქოს მწარმოებლები ბათუმში აქციას მართავენ

433

ბათუმში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ არიან მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თამბაქოს მოყვანაა.

თამბაქოს მწარმოებლები ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება. ასევე აქციზის გადასახადი სავალდებულო ხდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ თამბაქოს მოყვანას აზრი არ ექნება, რადგან გადასახადი თვითღირებულებაზე მეტია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა მახარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ქედაში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ თამბაქოს აწარმოებს,  სოციალური დახმარება მოუხსნეს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ მთავრობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ.

„ეს რეგულაცია ამ დარგს გაანადგურებს. ჯერ ერთი, დაპაკეტება 24 საათში გააფუჭებს თამბაქოს. ვის მოუვიდა კიდე თავში აზრად, თოხით გლეხის მიერ მოყვანილი მოსავლის კილო 60 ლარით დაბეგროს“, – ამბობს აქციის მონაწილე ბადრი ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან რეგულაციების გასაუქმებლად შუამდგომლობას ითხოვენ.

თამბაქოს მწარმოებლები არ უერთდებიან მთავრობის სახლთან მიმდინარე პოლიტიკურ აქციას.

„ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა. არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება ხალხი მას. ჩვენ გვაინტერესებს ის პოლიტიკა, რომელიც თამბაქოს დარგის გადასარჩენად უნდა გატარდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები მთავრობის პასუხს ელოდებიან.