კალაძე: ვიქნებით მომთმენნი, თუმცა, თუ დესტრუქცია გაგრძელდა, გვექნება შესაბამისი რეაგირება

379

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იაფფასიანი დესტრუქციული პერფომანსებით ცდილობს პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას და ხელისუფლება მაქსიმალურად მომთმენი იქნება, თუმცა დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება.

ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, უცვლელი რჩება, ვინაიდან არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ სამივე ინსტანციის მიერ მსჯარდებულ სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ხალხის მობილიზების რესურის არქონის ფონზე, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა, იაფფასიანი დესტრუქციული პერფომანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას, ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენნი, თუმცა, მკაფიოდ მინდა ვთქვა – დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება,” – ამის შესახებ კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, “ევროპულმა საქართველომ” ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა დეპუტატი რევაზ არველაძე, თუმცა ის ტერიტორიიდან სასტვენებითა და შეძახილებით  გააცილეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლის საშუალება არც დეპუტატ მერაბ ქვარაიას მისცეს. რევაზ არველაძის მსგავსად, დემონსტრანტები მასაც დაუპირისპირდნენ და მონა უწოდეს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

აქცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.