აქციის მონაწილეებმა დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს

619

უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს. დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა პიკეტის და აქციის მონაწილეების პროტესტის გამო, იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა.

აქციის მონაწილეები დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: “წადი“ და „ვირთხა“.

რევაზ არველაძე პირველი დეპუტატია, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა.

როგორც არველაძე აცხადებს, როცა იქნება საშუალება პარლამენტში შესვლის, მაშინ მივა. მისივე თქმით,საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ და შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ ძალისმიერი მეთოდებით მიაღწიონ რაღაცას, რაც არასწორია.

“არ მომცეს შესვლის საშუალება. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. დღეს მოვედი სამსახურში, ჩემი სამსახურია აქ . სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და მინდოდა მენახა“, -აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, არასწორად მიაჩნია იმ 40 დეპუტატის საქციელი, რომელთაც პროპორციულ საარჩევნო ცვლილებაზე გადასვლას ხელი შეუშალეს.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მხარი უნდა დაგვეჭირა ამისთვის, მაგრამ გამოჩნდა 40 ადამიანი. მე ხმა მივეცი კანონპროექტს. იმის მიუხედავად, რომ თავიდან ვფიქრობდი, რომ შესანარჩუნებელია მაჟორიტარული სისტემა, რადგან გუნდმა გადაწყვიტა. თუ გუნდია, გუნდი უნდა იყოს. აქციის მონაწილეები რომ იძახიან, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდესო, ამას ყველაფერს საკანონმდებლო ნორმების მიღება სჭირდება“, – აცხადებს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ისინი სწუხან, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ფიქრობენ, რომ დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის.

პარალელურად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ერთდღიანი დუმილის შემდეგ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა, როგორც ეს საქართველოს კონსტუტუციაში წერია.