ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის

991

“როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავდება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.

ერთდღიანი დუმილის შემდეგ პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა:

“პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის – სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია.

პოლიტიკური ვითარებიდან, საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.

როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავდება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის.

ამავე დროს, მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ – არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, – სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, – მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით.

ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება.

მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ისინი სწუხან, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ფიქრობენ, რომ დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის.

პარალელურად, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ერთდღიანი დუმილის შემდეგ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ “ქართული ოცნება” დანაპირებს შეასრულებს და პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა, როგორც ეს საქართველოს კონსტუტუციაში წერია.