ანაკლიაში ბიზნეს ფესტივალი გაიხსნა

638

ანაკლიაში პირველი ბიზნეს-ფესტივალი „ანაკლიობა” გაიხსნა.
50-მდე კომპანიას პავილიონებში საკუთარი წარმოების პროდუქცია ჰქონდა გამოტანილი. პროდუქტი მრავალფეროვანი იყო: ყველიანი კვერები, ჩაი, ხელნაკეთი ნივთები, ღვინო, ნაყინი, ტანისამოსი.

„მოგეხსენებათ, რომ 2 დღეში იწყება მუსიკალური ფესტივალი და 10 ათასზე მეტ ადამიანს ველოდებით, ეს ფესტივალიც მიზნად ისახავს, რომ ადგილობრივებიც და ბიზნესმენებიც მომზადებულები დახვდნენ ტურისტების ამ რაოდენობას“, – გვითხრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ.

ფესტივალის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა ტომას მორისმა განაცხადა, რომ მსგავსი ფესტივალი ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა ეს ფესტივალი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონოდა, რომ გაეზარდათ შემოსავლები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასევე, ადგილობრივ ადმინისტრაციას გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ტომას მორისმა.

ბიზნეს ფესტივალი ანაკლიაში 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: ლაივპრესი