ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობის რიგები და პარლამენტის ვიცე-სპიკერობა დატოვა

730

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური უმრავლესობის რიგებსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზად ის პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს.

„არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი, თავად “კონსერვატიული პარტია” დატოვეს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს.

“იმედი გვქონდა, მოხდებოდა ყველა პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა და მრავალფეროვნების წარმოშობა, ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. მინდა, განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინ ამბობს, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მმართველი გიორგი ბეგაძემაც დატოვა. ის მე-9 დეპუტატია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობიდან 14 ნოემბერს წავიდა. მანამდე უმრავლესობის რიგები ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და სხვა დეპუტატებმა დატოვეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

პარალელურად “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერები. შეკრების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ოპოზიცია იზიარებს აქციის მთავარ მოთხოვნას – ვადამდელ არჩევნებს პროპორციული წესით. მიზნის მიღწევამდე კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.