გახარია: პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავალთ

826

დანაპირებს შევასრულებთ და პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავალთ, – ასე გამოეხმაურა ერთდღიანი დუმილის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ჩავარდნილ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა განხორციელებულიყო. ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ ის კონსტიტუციაში დევს. ჩვენ პროპორციული სისტემა 2024 წლიდან გვექნება” – უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” შეკრებილმა მთავრობის და პარლამენტის წევრებმა იმსჯელეს მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე. მისი თქმით, ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას. სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს ყველას გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ იზრუნებს ბიუჯეტზეც.

“რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ბიუჯეტი არის მთავარი. ვისაუბრეთ მის შინაარსსა და სტრუქტურის არსზე. განსაკუთრებით მაჟორიტარებს ჰქონდათ კითხვები”, – თქვა გახარიამ.

შეკითხვაზე, რატომ ჩააგდო საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები და რატომ არ გადადის ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან, პრემიერმა უპასუხა: არ დაგვავიწყდეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას შემდგომ სჭირდებოდა გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, მან პროცედურები ვერ გაიარა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს გვიდევს კონსტუტუციაში და ის 2024 წლიდან განხორციელდება”.