რუსთაველზე, პარლამეტთან კარვები გაშალეს

111

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრანტებმა კარვები მოიტანეს.

რამდენიმე ხნით ადრე აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ კარვების ქალაქი იქამდე არ დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„დღეს რუსთაველზე გაიშლება ბანაკი, მოეწყობა კარვების ქალაქი. ჩვენ არ ვიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ იმას, რასაც შეგვპირდნენ (პროპორციულ არჩევნებს)“, — განაცხადა დიღმელაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

პარალელურად “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერები. შეკრების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ოპოზიცია იზიარებს აქციის მთავარ მოთხოვნას – ვადამდელ არჩევნებს პროპორციული წესით. მიზნის მიღწევამდე კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.