“გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ, ივანიშვილო”, “35 გავრილოვი” – საპროტესტო აქცია ქუთაისში

144

“გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ ივანიშვილო”, “35 გავრილოვი”- ასე გამოეხმაურნენ პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გამართეს.

აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ მერიის წინ გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან გადაინაცვლებენ და მის დღევანდელ ქმედებას გააპროტესტებენ.

მხეიძე ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე, კენჭისყრის წინ რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ თავად კენჭისყრაში მონაწილეობა აღარ მიიღო. სწორედ ამ დეპუტატების ქმედების შედეგად ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ერთადერთი დაპირებაც არ შეასრულა და მოქალაქეები კვალავ მოატყუა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ტყუილს “ქართულ ოცნებას” არ აპატიებენ.

“მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა, ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ ეს დაპირება არ შესრულებულიყო. მოვითხოვთ, კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. მათ გავრილოვის ღამის შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ, აქციები გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავალთ”-განუცხადეს აქციის მონაწილეებმა “ნიუპრესს”.

ისინი აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში დღეს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

დღეს განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. პარალელურად, მასშტაბურ აქციებს აანონსებს ოპოზიციაც. ოპოზიციური პარტიები ამ დროისთვის ლეიბორისტული პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

დღესვე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საგანგებო განცხადება გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებიც ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღონ ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს.

გამოყენებულია ქუთაისიპოსტის ფოტო