უსუფაშვილი: ჩაატარებს ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს? ის წაგებს ძალიან მძიმედ

584

“ივანიშვილმა უნდა დაინახოს, რომ მისი მზაკვრული ჩანაფიქრის მეორე ნაწილი, ანუ ვადამდელ არჩევნებში არსებული საარჩევნო სისტემით წარმატება, მისთვის იქნება აუსრულებელი ოცნება,”- ამის შესახებ განაცხადა “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.

მისი თქმით, ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა.

“მე ამდენი სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის ამდენი წარმოამდგენელი არასდროს მინახავს, 30 წელია ამ საქმეში ვარ. ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ პოლიტიკური სპექტრის სრულიად განსხვავებულ წარმომადგენლებს შეგვიქმნას ის განცდა, რომ დღეს აუცილებელია, აბსოლუტურად ყველა საკითხში, კონსენსუსების მოძებნა და ყველა იმ მზაკვრული ჩანაფიქრის შემთხვევაში ჩვენი მზაობა… ივანიშვილის გეგმა არის ის, რომ ჩვენ დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს, ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ. სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ამიტომ ეს უნდა გაიგოს მან და ამ იმედით უნდა იყოს ქართველი ხალხი,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ივანიშვილის ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად იქნება.

“ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს? ჩვენ ვადამდელ არჩევნებში ვიქნებით მზად გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ, გვეყოლება კოორდინირებული და შეთანხმებული კანდიდატები მთელ საქართველოში მაჟორიტარულ ოლქებში, რისი იმედიც აქვს მას და ოპოზიციის კოორდინაციის ხარისხი იქნება ძალიან მაღალი. დანარჩენ საკითხებზე ჩემი კოლეგები ისაუბრებენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ დაინახოს – სრულიად პოლიტიკური სპექტრი, გარდა ერთი პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც აგერ დაშლის პროცესშია, არის ერთ აზრზე, თუ ასე გააგრძელა მან და ასე აგრძელებს, ნებისმიეირ არჩევნებში ის წააგებს და უკვე წააგებს ძალიან მძიმედ. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და ამაზეა ჩვენი შეთანხმება,”- აცხადებს უსუფაშვილი.