ევროკავშირის ელჩი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის

490
ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი იმ რისკებზე საუბრობს, რომელსაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა გამოიწვევს.

“ევროკავშირი თავს იკავებდა აზრის გამოთქმისგან იმის თაობაზე, არის თუ არა პროპორციული სისტემა საუკეთესო 2020 წლის საპარლამენო არჩევნებისთვის, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების არჩევანი უნდა იყოს.

თუმცა, ზაფხულის განმავლობაში შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და საერთო ძალისხმევა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა. ამ ფონზე, ვხედავ აშკარა რისკს, რომ ამ ეტაპზე ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, მოსახლეობის ფართე ჯგუფებს შორის და ასევე, გაზრდის პოლარიზაციას 2020 წლის არჩევნების წინ. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ამ საკითხს დღევანდელი კენჭისყრისას”, – კარლ ჰარცელის კომენტარს ავრცელებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ორგზის გადადებული კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 14 ნოემბერს უნდა შედგეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.