“შეცვალე” – “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

393

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, მოძრაობა “შეცვალეს” და “სირცხვილიას” წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი საყვირებით აპროტესტებენ და ითხოვენ უმრავლესობისგან, რომ დაპირება შეასრულოს და ქვეყანა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “პროპორციული საარჩევნო სისტემა”.

“თქვენ ხართ ნაყიდი, ნაყიდი გაქვთ მანდატები და ფულით ხართ შესულები პალამენტში. ხელი არ შეუშალოთ ისტორიულ გადაწყვეტილებას“,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

„სირცხვილიას“ წევრები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე კანონპროექტის მიღებას მოითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პროექტს ჩააგდებენ, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დატოვება ბევრად ადრე და მტკივნეულად მოუწევს.

„დიდი სირცხვილია, რომ ამ შენობაში წყდება სრულიად გაუგებარი ადამიანების მიერ საქართველო ევროპისკენ წავა თუ რუსეთისკენ. ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პერფორმანსი დადგა და მაჟორიტარების საშუალებით ცდილობს, რომ პროპორციული არჩევნების იდეა ჩააგდოს. ჩვენი ქვეყანა და ბევრი თაობა ცდილობდა იმას, რომ მივსულიყავით პროპორციულ არჩევნებამდე. ბატონო ბიძინა, არ გაბედოთ ამ იდეის ჩაგდება, თორემ იმაზე ბევრად ადრე და მტკივნეულად მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება, ვიდრე გეგონათ“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

პარტიის ოფისის შესასვლელთან სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს, 14 ნოემბერს, 13 ნოემბრის შემდეგ უკვე მეორედ იმართება უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა განიხილონ, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. შესაბამისად, კანონპროექტის კენჭისყრა უკვე ორჯერ გადაიდო. შემდეგი კენჭისყრა სწორედ 14 ნოემბერს არის დაგეგმილი