ხუნდაძე: როცა თვითმმართველობა ძლიერი იქნება, მაშინ ვიქნები მომხრე პროპორციული სისტემის

475

“მხარს ვუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ დროულად – როცა დრო იქნება სწორად შერჩეული, როცა თვითმმართველობა იქნება რეალურად თვითმმართველი და იქნება ძლიერი და მას არ დასჭირდება დამატებითი რგოლი,”- საპარლამენტო სესიაზე განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით იმუქრება.

“გამოითქვა ეჭვი, თითქოს სიაში ვერ ვხვდებით და ამიტომ ვაპროტესტებთ. მე მინდა არგუმენტირებულად ვისაუბრო. 2016 წელსაც, როცა ჯერ კიდევ პარლამენტში არ ვიყავი შემოსული, მე-9 მოწვევის პარლამენტარობისთვის ვემზადებოდი, მაშინაც გავაკეთე განცხადება – მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი არჩევის წესით. ასე, რომ ეს მტკიცებულებაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ არავითარი პირადული ინტერესები არ გვაქვს. ისევ შეურაცხყოფაა, რომ საკანონმდებლო მუშაობაში არ არიან ჩართულები და საერთოდ, რა საჭიროა მაჟორიტარების ურთიერთობა ადგილობრივ, ასე ვთქვათ, საქმიანობაში და რომ მაჟორიტარების ჩართულობა არ არის შედეგიანი. მინდა გითხრათ, ჰკითხეთ მერებს, მათ სჭირდებათ თუ არა დამატებითი რგოლი მთავრობასთან ურთიერთობაში და არიან თუ არა ისინი მზად, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ეს ცვლილება. ჰკითხეთ ასევე ხალხს, მათ სურთ თუ არა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და მათ ხმას ჰქონდეს ის ფასი, რომ მათ ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი ქვეყანაში?!”- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემაზე გადასვლის დრო ჯერ არ არის.

“მინდა განმარტებები გავაკეთო, უნდა შევცვალოთ თუ არა ეს სისტემა. ყველა ჩემი განცხადების მტკიცებულება, ისევე როგორც ჩემი კოლეგების, არის ის, რომ 2016 წლის შემდეგ არაერთი ასეთი განცხადება დევს სხვადასხვა სააგენტოებზე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ დროულად – როცა დრო იქნება სწორად შერჩეული, როცა თვითმმართველობა იქნება რეალურად თვითმმართველი და იქნება ძლიერი და მას არ დასჭირდება დამატებითი რგოლი. ვხედავ თუ არა საფრთხეს პროპორციული სისტემით, რომ ქვეყანამ თავისი პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოს არასტაბილურ გარემოში? რა თქმა უნდა, ვხედავ და მინდა, ეს თქვენც დაინახოთ,”- აცხადებს ხუნდაძე.

ხუნდაძემ უმრავლესობას მიმართა, საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენონ და კონსულტაციები გააგრძელონ. დიმიტრი ხუნდაძის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, არის თეორიული შანსი, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს ან პროპრუსულ, ან პრონაციონალურ ძალასთან, რაც მისთვის მიუღებელია.