საქალაქო სასამართლო ხვალ ცესკოს წინააღმდეგ “ცენტრი მომავლის ინიციატივების” სარჩელს განიხილავს

976

“ცენტრი მომავლის ინიციატივები” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციამ თვითმმართველი ქალაქის – მცხეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილ საარჩევნო ოლქში დამკვირვებლად რეგისტრაცია ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ 2 თვეში ქალაქი მცხეთა, როგორც თვითმმართველი ერთეული, უქმდება, დამკვირვებლად რეგისტრაციის შესაძლებლობას ორგანიზაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აძლევს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველ ქალაქ მცხეთისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საარჩევნო ოლქი ცალ-ცალკე შეიქმნა.

3 ივლისს ორგანიზაციამ, “საარჩევნო კოდექსის” შესაბამისი პროცედურების დაცვით, საოლქოს მიმართა, თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიამ არც სხდომა მოიწვია და არც განკარგულება გამოსცა კოდესით განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ითვლება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და ექვემდებარება გასაჩივრებას.

10 ივლისს ორგანიზაციამ უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრით და საოლქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიაც საოლქო კომისიის ანალოგიურად მოიქცა და კოდექსით გათვალისწინებულ 1-დღიან ვადაში არც სხდომა მოიწვია და არც გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შემდეგ ორგანიზაციამ გამოიყენა “საარჩევნო კოდექსით” მინიჭებული უფლება და საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ცესკოსა და მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ მიმართა. ორგანიზაცია ქალაქ მცხეთის საარჩევნო ოლქში დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ითხოვს.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ მეშველიანი ხვალ, 13 ივლისს, 11:30 საათზე განიხილავს.