განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი მეორედ დაინიშნა

636

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში, 3.5 თვის განმავლობაში – 2017 წლის 30 მარტიდან 14 ივლისამდე მუშაობდა.