წარმატებული მაგალითები და მონაწილეობითი ბიუჯეტირების რეალური შედეგები

1007

რაჭანიუსი

ავტორი ნატალი ნემსაძე

პორტუ ალგრეს წარმატებული სტატრი და იდეა, რომელიც 1989 წლიდან ბევრ ქვეყანაში დიანერგა-მონაწილეობითი ბიუჯეტის არსი, ხელისშემშლელი ფაქტორები და პოსტ-საბჭოთა სოვრცის მახასიათებლები –  ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, ექსპერტთან თვითმმართველობის საკითხებში.

როგორ ჩაეყარა საფუძველი მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეას?

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი აქტი  სამხრეთ ამერიკაში-ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრეში დაფიქსირდა. 1989 წელს მთავრობის  ცვლილების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქი საბიუჯეტო ერთეულებად დაეყო, თითოეული მათგანისთვის გამოეწყო თანხები და მოსახლეობისთვის ეკითხათ თუ რისი გაკეთება სურდათ და რომელი პროექტის განხორციელება იყო მათთვის უფრო პრიორიტეტული. ასე ჩაეყარა საფუძველი სამოქალაქო ბიუჯეტს. განსხვავებით, ჩართულობის სხვა ფორმებისგან, აქ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა ადმინისტრაცია ან ბიუროკრატია, არამედ თავად მოსახლეობა კენჭისყრის საშუალებით.

მოძრაობამ ფართო გავრცელება ჰპოვა, როგორც ღარიბ, შედარებით მცირებიუჯეტიან ქალაქებში, ასევე მდიდარ დასახლებებში. მონაწილეობითი ბიუჟეტირების პრინციპი არის არა ის – თუ რამდენი ფული გაქვს, არამედ ის – თუ რამდენად სწორად ნაწილდება ეს თანხები და რამდენად ხმარდება მოსახლეობის ინტერესებს. მცირებიუჯეტიან მუნიციპალიტეტებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მცირე თანხა უნდა განაწილდეს და მოხმარდეს ზუსტად იმ მიზნებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?

გამოცდილება  ბევრია ევროპის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც, იგივე პორტო ალეგრეშიც მოკლე დროში ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. სამხრეთ ამერიკის ქალაქები ცნობილია თავისი კონტრასტებით, პორტო ალეგერმ მონაწილეობით ბიუჯეტირებით დაგეგმვით სწორედ ეს პრობლემა მოაგვარა. ქალაქში 5-6 წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა მოწესრიგდა კანალიზაცია, გარე განათება, გაიხსნა მეტი სკოლა და რეკრეაციული ზონა.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარუმატებელი მაგალითები ძირითადად მოსახლეობის ჩართულობის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ევროპის რიგ ქალაქებში ხმის ელექტრონული ფორმით მიცემის გზამ არ გაამართლა, ვინაიდან მოსახლეობა საიტებზე არ შედიოდა. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სწორად ინფორმირებას. სამოქალაქო ბიუჯეტი არ არსებობს არაინფორმირებული მოქალაქის პირობებში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ სწორედ მათი ხმა არის გადამწყვეტი.

იქ, სადაც საინფორმაციო კამპანიები კარგად არ ჩატარდა, პროექტებიც ძირითადად შეწყდა. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, თუმცა იქ  ამ ხარვეზების გამოსწორების შემდგომ კვლავ აღდგა პროექტი. დღესდღეობით მონაწილეობითი ბიუჯეტირების დაგეგმვა 1500-მდე ქალაქში ხორციელდება.

პროექტი განსაკუთრებით პოპულარულია პოსტსაბჭოთა ტრადიციებიდან და ავტორიტარული რეჟიმიდან გამოსული ქვეყნებისთვის, რადგან აქ მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებული პრობლემაა, მაღალია ნიჰილიზმის ხარისხი და ხელისუფლებისადმი უნდობლობა, ამიტომ პოლონეთი, ჩეხეთი უნგრეთი, სლოვაკეთი მონაწილეობითი ბიუჯეტირების კუთხით  წარმატებული ქვეყნების მაგალითია.

 რა მდგომარეობაა საქართველოს მუნიციპალიტეტებში?

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო საპილოტე პროექტის განხორციელება ზოგან წარმატებით ,ზოგან წარუმატებლად. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე მაგალითები, როდესაც მოქალაქეებმა თავად დაიწყეს საკუთარი ქალაქებისა და სოფლების მოვლა ეს ხდება ქედაში, ოზურგეთში. მუშაობს სოფლის განვითარების პროგრამები ახალგაზრდებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ. ეს მოძრაობა სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს. თავიდან თუ აქაც პრობლემა იყო ნიჰილიზმი, ერთი-ორი წარმატებული პროექტის შემდეგ ადამიანებმა დაინახეს, რომ მართლა არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტის საკუთარი ძალებით უკეთესობისკენ შეცვლა. ერთ მუნიციპალიტეტში უკვე 28 სოფელს სურს ამ გზით წასვლა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ კარგად იგებს ინოვაციებს, მთავარია სწორად მიწოდება.

წინამდებარე სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიების შინაარსობრივ სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.