ქუთაისის მერიამ დროშა მეოთხე მცდელობითაც ვერ დაკიდა

97

წინა სტატია

წარუმატებლად დასრულდა ქუთაისის მერიის მეოთხე მცდელობა, ნიკეას ქუჩაზე, ნაჩუქარ დგარზე აღმართოს ეროვნული დროშა. ამ მიზნით 18 ივლისს გამოცხადებული მორიგი ელექტრონული ტენდერი (NAT190014310) არ შედგა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

ირკვევა, რომ სამი ტენდერი, წინა სამი მცდელობისთვის ისე გამოცხადდა, დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა – ნიადაგის შესწავლა მერიას გავლილი არ ჰქონდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება მხოლოდ ერთი წლის და ოთხი თვის შემდეგ დაინახა.

მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ მეოთხე, 5 000 ლარიანი ტენდერი (NAT190014310) სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა. სწორედ იმ დროს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებზე, პირველი ელექტრონული შესყიდვაც (NAT180003520) გამოცხადდა, რომლის ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. თუმცა, პირველი ტენდერი არ შედგა.

მერიამ მეორე ტენდერი დროშის მოწყობის სამუშაოებზე გამოაცხადა, (NAT180005887) რომლის ღირებულებაც 65 000 ლარს აჭარბებდა. ეროვნული დროშის აღმართვისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვა ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა, რომლის შემდეგაც მერიამ ტენდერი შეწყვიტა, ცოტა ხანში კი განაცხადა, რომ ინდურმა კომპანიამ ქალაქს დროშის 46 მეტრიანი დგარი აჩუქა და ეროვნული სიმბოლიკის მოწყობის სამუშაოები კვლავ ტენდერზე გაიტანა. მესამედ გამოცხადებული ტენდერის (NAT190004381) ღირებულება 36 299 ლარი იყო. თუმცა, არცერთ ჯერზე, მიწის შესწავლა არავის გახსენებია, რასაც მერია მეოთხე ტენდერით შეეცადა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჟამად ხელახალი ტენდერის გამოსაცხადებლად ემზადებიან.

დროშა 36 მეტრის სიმაღლეზე უნდა აღმართონ. ეროვნული სიმბოლიკის ქვეშ ოთხ სანათი დამონტაჟდება.