ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია 1.2992 ჰექტრით შემცირდება

1399

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ წარუდგინა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებებით ცალკეული დაცული ტერიტორიების საზღვრები ზუსტდება და ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონთან მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკი გაიმიჯნება.

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრებიდან გამოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონთან მდებარე ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა. შედეგად ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 1.2992 ჰა-ით შემცირდება და 8685,3375 ჰა-ს შეადგენს.

კომიტეტის წევრის, ემზარ კვიციანის შეკითხვა აფხაზეთის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების აღრიცხვის შესაძლებლობას შეეხებოდა, რაც მინისტრის მოადგილის განმარტებით, საერთაშორისო და ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წინასწარი პროცედურების ადგილზე გატარების გარეშე შეუძლებელია. თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ნაკრძალებიდან ოთხი, ფსხუ-გუმისთის, ბიჭვინთა-მიუსერას, რიწის და ლიახვის ნაკრძალი აღრიცხულია და საქართველოს დაცულ ტერიტორიათა ნუსხაში შეტანილია.

დაცული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრება გამოთქვა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.

„მე ცოტა ფრთხილი ვიქნები შეფასებისას, ვინაიდან შესაძლოა ეს პროცედურა ვერ ჩაჯდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებში, თუმცა, ეს მიზანი პოლიტიკურად ჩვენთვის მისაღები იქნება და, თუ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებში ჩაჯდება, ჩვენ შეიძლება არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას დავუდოთ საფუძველი. ეს არ არის ცუდი იდეა და ამ მიმართულებით თუ რამე სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ, პარლამენტი, მხარს დაგიჭერთ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში დარგის ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, წინადადებას განსახილველად დღის წესრიგში შეიტანს „და იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური გაგრძელება ექნება, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირა.