“ქაოტურად იხარჯება თანხა ბიუჯეტიდან” – ქუთაისის მერიას დეპუტატი სასამართლოში უჩივის

558

ქუთაისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე წარმოუდგენლად მიიჩნევს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიაში სარეზერვო ფონდიდან იმაზე მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ეს გეგმით არის  გათვალისწინებული. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

„სარეზერვო ფონდს აქვს თავის განმარტება, რა შემთხვევაში შეიძლება თანხის გახარჯვა. წარმოუდგენელია, ხაზინასთან შეუთანხმებლად ხდებოდეს გეგმაზე ზემოთ თანხის გაშვება, თუმცა არ გამოვრიცხავ, ასეთი ტიპის გადარიცხვები ხდებოდეს და გეგმას აჭარბებდეს ხარჯი. ეს ადამიანები გეგმას არ ცნობენ, ქაოტურად იხარჯება თანხა ბიუჯეტიდან და ჩვენ არ გვაქვს საშუალება განვახორციელოთ მონიტორინგი”, – აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.

მისი განცხადებით, მერის სარეზერვო ფონდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მათ არ აწვდიან, რის გამოც სასამართლოს მიმართეს.

“ამ საკითხებზე ჩვენც ვაპირებდით საუბარს. მერიაში გვითხრეს, რომ არ ქონდათ უფლება ინფორმაციის გაცემის, ამიტომ  პერსონალური დაცვის ინსპექციას მივმართე წერილით, რომ როგორც საკრებულოს წევრს მეშლება ხელი ჩემი უფლებამოსილების განხორციელებაში, რადგან არასრულყოფილ ინფორმაციას მაძლევენ.  პასუხად მივიღე, რომ სრული უფლება მაქვს ეს ინფორმაცია მოვითხოვო. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მერიისათვის, ამიტომ მივმართე სასამართლოს. შეტანილი მაქვს სარჩელი და ველოდები სასამართლოს ჩანიშვნას”, – განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

მისი თქმით, სარეზერვო ფონდს თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს და გადაქცეულია მოქალაქეებისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის მუხლად.  “კანონდებლობით რაც არის გათვალისწინებული,  იმ მიზნობრიობით ეს თანხა არ იხარჯება. ჩვენ გვაინტერესებს, წლების განმავლობაში რატომ იმალება ამ კონკრეტული მუხლიდან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია. შესაძლოა, აქ  სერიოზული დანაშაული იმალებოდეს, რომლის შესახებაც მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც დეტალური ინფორმაცია გვექნება ხელთ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, წლის ბოლომდე კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და მოსალოდნელია, რომ ამ მუხლის ქვეშ დახარჯული თანხების ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, მერის სარეზერვო ფონდი 500 ათას ლარს შეადგენს. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი ამ დროისათვის  544 173 ლარია დახარჯული. ამ თანხის გარდა ფონდს დაემატა 22 ათასი ლარი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, რაც ჩამონათვალში მითითებული არაა.