კახა ოქრიაშვილი: 40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები იქნება

655

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს.

ოქრიაშვილის თქმით, გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებს, თუმცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი ხმა არ ექნება.

„გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები, ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, როდესაც ამ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ. ამიტომ, არ ვაძლევ ჩემს ხმას. მიმაჩნია, რომ არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს, მაგრამ შესაძლებელია, მათ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად არავინ უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს. გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო საკითხები გადასაწყვეტი, ჩემს გონებას და გულს ვუსმენ მხოლოდ“, – აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ოქრიაშვილი იმედოვნებს, რომ უმრავლესობაში 30-40 მაჟორიტარი იქნება, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და პროექტი ჩავარდება.

„იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და ჩავარდება აღნიშნული პროექტი. ვცდილობ, ყველამ გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე. აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნები 2021-2022 წელს“, – განაცხადა კახაბერ ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განიხილავს. პლენარული სხდომების დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე – ოპოზიციის მიერაა ინიცირებული.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობა.