ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბოს კურორტი სრულმასშტაბიანად 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს

659

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი სრულმასშტაბიანად 2024 წლიდან ამოქმედდეს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს”, — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს განვითარების კონცეფციაზე.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.

“ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი ქართუსა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს”,— განაცხადა ნათია თურნავამ.

ბიძინა ივანიშვილი “წყალტუბოს აღორძინების პროექტს” გეგმავს. ქართული ოცნების განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი 22-ვე სანატორიუმის, 9 აბანოს გამოსყიდვასა და მათ სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის “მოგებაზე არაა საუბარი”, არამედ, აპირებს, რეაბილიტირებული სანატორიუმები “მნიშვნელოვანი ფასდაკლებით” გაასხვისოს

11 ნოემბერს მთავრობამ წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა თბილისში, სასტუმრო „რედისონში“. „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა ნინო ჩოლოყაშვილმა, რომელმაც წყალტუბოს განვითარების გეგმა წარადგინა, თქვა, რომ წყალტუბოში სახელმწიფოს მიერ შესწავლილი სანატორიუმებიდან 4-ის სრული დემონტაჟია საჭირო, 12-ს კი „აქვს არქიტექტურული ღირებულება და მისი იერსახე უნდა შენარჩუნდეს“.

სახელმწიფოს მიერ შესწავლილი 16 სანატორიუმიდან ამჟამად მხოლოდ 15 არის სახელმწიფოს ბალანსზე [როდესაც ისინი შეისწავლეს, მაშინ მე-16 ობიექტი გასხვისებული არ იყო].

ნინო ჩოლოყაშვილის თანახმად, სამუშაოები ერთ ფაზად ჩატარდება. მისი ცნობითვე, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 620-დან 865 მილიონ აშშ დოლარამდეა.