რომან კაკულია: სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნიფიცირების დეფიციტს განიცდის

869

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან” დაკავშირებით იმსჯელეს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კოდექსის პროექტის დასახვეწად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელშიც, პარლამენტის წევრებთან ერთად, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მშენებლობის, ურბანისტიკისა და არქიტექტურის ექსპერტები შედიან.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, „იურიდიული ტექნიკის სრულყოფის თვალსაზრისით, საქართველოში სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნიფიცირების დეფიციტს განიცდის. სამართლებრივი ინსტიტუტები გაფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, დარღვეულია ლოგიკური კავშირი ამ ინსტიტუტებს შორის. ეს გარემოება ნორმის ადრესატებს შესაძლებლობას ართმევს, მოახდინონ საკანონმდებლო რეგულაციების სწორი ინტერპრეტაცია და გამოყენება. ამიტომ, არსებობს განსაზღვრული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კოდიფიკაციის აუცილებლობა. დღეს გვაქვს იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლებზეც კანონპროექტმა უნდა გააკეთოს რეაგირება. სამუშაო ჯგუფმა უნდა წამოწიოს და იმსჯელოს ამ ძირითად გამოწვევებზე და სამიზნეებზე, რაც შემდეგ კანონში უნდა აისახოს“, – განაცხადა კაკულიამ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ამ ეტაპზე წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა ტერმინთა ცნებების, სეისმომედეგობის ნორმებისა და წესების დადგენის საკითხებს, ურბანული განვითარების გეგმებს, სივრცითი და ქალაქმშენებლობის დაგეგმარების მასშტაბების კოდექსში ასახვას, რეგიონულ დაგეგმვას, სოციალურ ბინათმშენებლობას, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებს.

კოდექსთან დაკავშირებით მსჯელობას სამუშაო ჯგუფი მომავალ შეხვედრაზე გააგრძელებს.