გინესის რეკორდების სიაში შესასვლელად ბათუმის მერიას 4-კილომეტრიანი სუფრის გაშლას სთავაზობენ

1977

წინა სტატია

ბათუმის მერიას პროექტის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში 4-კილომეტრიანი სუფრის გაშლას სთავაზობენ. იდეის ავტორის გიორგი დოლიძის თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმში მსოფლიო რეკორდი დამყარდება და გაიზრდება, როგორც ქვეყნის ეროვნულ ღირებულებები, ისე ინტერესი აჭარის რეგიონის მიმართ. ამასთან, დოლიძის განცხადებით, რეგიონი აღმოჩნდება მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ და ბათუმის ისტორიას შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი.

“ბათუმობის კვირეულში, მაშინ, როდესაც ქალაქი ემზადება ტურისტული სეზონის გასახსნელად, ბათუმის ბულვარში გაიშლება 4-კილომეტრიანი “სუფრა” (2019 წლის რეკორდი დამყარდა 3189,93 მეტრის მაგიდით).

სუფრის გაშლის პროცესში შეიძლება ჩაერთოს საქართველოში ოპერირებადი კომპანიები, განსაკუთრებით კი რესტორნები და კაფე-ბარები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაუკეთონ რეკლამა თავიანთ ბრენდს და წარმოადგინონ თავიანთი კერძები და სასმელები.

პროექტში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა, თითოეულ ადამიანს შეეძლება მოიტანოს თავისი მომზადებული კერძი და წვლილი შეიტანოს მსოფლიო რეკორდის დამყარებაში. პროექტი გაზრდის რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით. გინესის რეკორდების სიაში მოხვედრით საქართველო პოზიტიური ნიშნით მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. დაინტერესდება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო მედია”, – ნათქვამია პროექტის აღწერაში.

პროექტის მიხედვით, ღონისძიება, ასევე, ხელს შეუწყობს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის პოპულარიზაციას და ბათუმში გაზრდილი უზარმაზარი სუფრა იქნება სტუმართმოყვარეობისა და კეთილგანწყობის სიმბოლო.

“მოცემული პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას ქალაქის კულტურულ საქმიანობაში, მოქალაქეთა ერთიანობის ინიცირებას, მსოფლიოს ყურადრების ქვეშ საქართველოს ეროვნული ღირებულებების მოქცევასა და წარმოჩენას.

ამ პროექტის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტები ვაზიაროთ სუფრის კულტურას და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ, ქართველები სუფრას ვშლით მათთვის და ვსხდებით ერთ მაგიდასთან მათთან ერთად ვინც იმსახურებს და ითვლება ჩვენ ოჯახის წევრად. ხოლო საქართველო, კერძოდ აჭარა არის ის დიდი ოჯახი სადაც ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. რაც უფრო მეტი მეგობარი გვყავს გარეთ მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ”, – განმარტავს პროექტის ავტორი გიორგი დოლიძე.

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.