ქობულეთის მერიის 3 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა, ერთს – გირაო

605

წინა სტატია

სამი დღის წინ დაკავებული ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ავთანდილ ნემსიწვერიძის ასაკი, ჯანმრთელობისა და ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინა.

დაკავებულებს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. ისინი სოფლების საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები იყვნენ და ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებელი კომპანიებისგან ქრთამის სახით 500-დან 1000 ლარამდე აიღეს და უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე რეაგირება არ მოახდინეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.