თელავში ახალგაზრდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

1420

თელავში მცხოვრები ახალგაზრდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

მათი თქმით, სწორედ ამის გამო თელავში გამართულ ღონისძიებებში ვერ იღებენ მონაწილეობას.

თამთა ყარაულიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს.
თუ ქალაქ თელავში თავის მეგობრებთან ერთად საღამოს გატარებას მოინდომებს, სახლში აუცილებლად ტაქსით დაბრუნება მოუწევს.

მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქაური ახალგაზრდებისთვის ერთერთი მთავარი პრობლემაა, რადგან სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ქალაქში საღამოობით ტარდება.

,,განათლება და კულტურა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა რათქმაუნდა ეს არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ვერ მიიღონ იმ პროექტებში მონაწილეობა რაც ქალაქში იმართება.

ისედაც ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან ყველაფერს, რადგან სოფლებში არაფერი არ ხდება და სადაც ხდება იქაც ვერ მიდიან მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო.

მაგალითად როცა ნიკოლოზ რაჭველი და სიმფონიური ორკესტრი იყო თელავის თეატრში ჩამოსული, იმის გამო რომ საღამოს მიმდინარეობდა, ვერც მე და ვერც ჩემმა ბევრმა მეგობარმა ვერ მოვახერხეთ დასწრება იმიტომ რომ არ ვიცოდით სახლში რითი დავბრუნებულიყავით’’,-განუცხადა knews.ge-ს თამთა ყარაულაშვილმა.

ქალაქ თელავსა და კახეთის სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდები თელავის მუნიციპალიტეტის მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.