ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორმა სამსახურში შვილი კონკურსის გარეშე აიყვანა

1056

მორიგი სკანდალი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. მამამ შვილი კონკურსის გარეშე იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. 

მედიის ცნობით, დიდაჭარის საბავშვო ბაღში აღმზრდელის პოზიციაზე თამილა ხოზრევანიძე დაინიშნა, რომელიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის შვილია. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა შემოგვიართდება და მხარეთა პოზიციებს გაგვაცნობს.

თამილა ხოზრევანიძემ დიდაჭარის საბავშვო ბაღში მუშაობა მამის დახმარებით ორშაბათს დაიწყო. კონკურენტი არ ჰყოლია, ვაკანსიის შესახებ კი სახლში, მშობლისგან გაიგო. ეს უკანასკნელი ნეპოტიზმის ფაქტს ადასტურებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს, უფრო მეტიც, გვითხრა, რომ დაწესებულება სრულად ნათესავებით არის დაკომპლექტებული. თამილა ხოზრევანიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ადამიანები ნათესაური ნიშნით იწყებენ სამსახურს და ეს სიახლეს არ წარმოადგენს.

რატომ დაასაქმა მამამ შვილი კონკურსის გარეშე იმ ორგანიზაციაში, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის? კითხვაზე გურამ ხოზრევანიმემ პასუხის გაცემა არ ისურვა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს უდიდესი ტყუილია და შვილი არ დაუსაქმებია.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ნეპოტიზმის შესახებ „TV 25“-ისგან გაიგო. საკითხზე ჩვენ ანონსის სახით მასალა ვებგვერდზე დილით განვათავსეთ, რის შემდეგაც ვახტანგ ბერიძემ ბრძანება გამოსცა და  უწყებაში ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო. მომხდარი ბერიძისთვის მიუღებელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მამა შვილმა თანამდებობა დატოვოს.

ნეპოტიზმი ქართული ოცნებისთვის სიახლეს, რომ არ წარმოადგენს ეს კარგად იციან ხელისუფლების ოპონენტებმა. ფაქტი“ნაციონალურ მოძრაობაში“ ნეგატიურად შეფასდა, სადაც განაცხადეს, რომ მაღალჩინოსნები ოჯახის წევრების დასაქმებას ასწრებენ, რადგან ისინი 2020-ში სადავეებს და გავლენებს დაკარგავენ.

მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ იცის გეტყვით, რომ ნეპოტიზმი ნიშნავს: მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას მათი დამსახურებისდა მიუხედავად.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანება სკანდალში ეხვევა. რამდენიმე თვის წინ ჩვენს ეთერში ღურტას საბავშვო ბაღში არსებული ვითარების შესახებს გასული მასალის შემდეგ დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქმე დაწესებულებაში თანამშრომლებს შორის არსებულ კონფლიქტურ შემთხვევებს ეხებოდა. გამგე, რომელიც თვლიდა, რომ ბაღში კაროლივით იჯდა და მას მაღალჩინოსნები მფარველობდნენ სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. რა რეაგირებას მოახდენს ამ შემთხვევაში ხულოს მერია დადასტურებული ნეპოტიზმის ფაქტზე ამ ეტაპზე რთული სათქმელია.